ალექსეი ლოსევი

 

ინტელიგენტობის შესახებ

 

  1. რა არ არის ინტელიგენტობა. ინტელიგენტობა არ არის არც ცოდნის დიდი დაგროვება, არც რომელიმე პროფესიული სპეციალიზაციის ქონა, არც საერთო კულტურულ პროგრესში მონაწილეობა, არც უბრალოდ მორალური ქცევა ან შემოქმედებითი ნიჭიერება, არც უბრალოდ ესა თუ ის საზოგადოებრივ-ისტორიული წარმოშობა, არც უბრალოდ გარკვეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფენისადმი კუთვნილება. ყველა ეს თვისება და თავისებურება წარმოადგენს ან ინტელიგენტობის გამოვლინებას, მაგრამ არა თვით ინტელიგენტობას, ან ნეიტრალურია ინტელიგენტობისადმი, ან სულაც მტრულიც კია მისდამი.
  2. ინტელიგენტობა და პიროვნება. ინტელიგენტობა უპირველეს ყოვლისა, არის პიროვნების ასეთი თუ ისეთი ცხოვრება, ან, ზოგადად რომ ვთქვათ, პიროვნების ფუნქცია. ხო მაგრამ, რა არის პიროვნება? პიროვნება არის ბუნებრივ, საზოგადოებრივ და ისტორიულ ურთიერთობათა (დამოკიდებულებათა) ინდივიდუალური შენადედი (კვანძი, კავშირი, სტრუქტურა, სისტემა, იგივეობა, ან რომელიმე ერთეული კანონზომიერება). მაგრამ ინტელიგენტობა მხოლოდ ეს არ არის, რადგან ყოველი, თვით ინტელიგენტობას სავსებით მოკლებული ადამიანი ყოველთვის წარმოადგენს ასეთ თუ ისეთ, თუნდაც სრულიად უმნიშვნელო პიროვნებას.
  3. ინტელიგენტობა და იდეოლოგია. ცხადია, რომ ინტელიგენტობა არის პიროვნების ფუნქცია, რომელიც მხოლოდ ამა თუ იმ იდეოლოგიასთან დაკავშირებით ჩნდება. ეს ტერმინი იშვიათად გამოიყენება იმის დახასიათებისას, თუ რა არის ინტელიგენტობა. ნაცვლად ამისა, ჩვეულებრივ, ასახელებენ სხვადასხვა კერძო და მეტ-ნაკლებად შემთხვევით ნიშნებს. მაგალითად, ამბობენ, რომ ინტელიგენტი ეს არის ჭკვიანი, ნაკითხი, კეთილი და სხვებისადმი ყურადღებიანი, თავაზიანი, მოაზროვნე, სიმპათიური, თავის განსაკუთრებული შინაგანი ცხოვრებით მცხოვრები ადამიანი, რომელიც ხალხს სიკეთის ქმნაში და გაჭირვების დროს ეხმარება. იგი საიმედოა, უანგაროა, სულიერად კეთილშობილია. აქვს ფართო შეხედულებები, არაეგოისტია. ასეთი დახასიათებები ხშირად არის სწორი და არსებითიც კი, მაგრამ ხშირად შემთხვევითია და არა აუცილებელი. უმთავრესი კი ის არის, რომ ყოველგვარი დახასიათება ყოველთვის მეტისმეტად კერძოა და მოკლებულია ჩვენი შემთხვევისთვის აუცილებელ განზოგადებას. ხოლო ეს განზოგადება უკვე აშკარად განეკუთვნება იდეოლოგიის სფეროს. და აქაც უნდა ითქვას, არ ვგულისხმობთ ზოგადად იდეოლოგიას. ასე ზოგადად გაგებული იდეოლოგია გააჩნია ყველას, მათ შორის არაინტელიგენტებსაც. უიდეოლოგიო ადამიანი საერთოდ არც არსებობს. ყველაზე უმნიშვნელო, ყველაზე მდაბალ და შეზღუდულ, თანმიმდევრული აზროვნებისაგან ყველაზე შორს მდგომ ადამიანს, ცხადია, არ გააჩნია რაიმე გაცნობიერებული იდეოლოგია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მის ნაცვლად მოვახდინოთ ამ იდეოლოგიის უაღრესად ზუსტი და ყოველმხრივი ფორმულირება. როგორია ასეთ შემთხვევაში ინტელიგენტობის იდეოლოგია?

ყოველგვარ კერძო გამოვლინებას თუ შევაჯამებთ და უაღრესად განზოგადებულ დასკვნას გავაკეთებთ, აუცილებელია ითქვას, რომ ინტელიგენტია ის, ვინც ზოგადსაკაცობრიო კეთილდღეობის ინტერესებს იცავს. ინტელიგენტი ისე ცხოვრობს და მუშაობს აწმყოში, როგორც მომავალში ზოგადსაკაცობრიო კეთილდღეობის პირობებში შეიძლება იცხოვროს და იმუშაოს ადამიანმა. ამასთან, სულაც არ არის აუცილებელი, რომ ინტელიგენტმა დაწვრილებით იცოდეს ეს, ან საერთოდ მაინც იცოდეს. ამ აზრით ინტელიგენტობა თითქმის ყოველთვის გაუცნობიერებელია. პირიქით, ყველაფერ ამის მეტისმეტად კარგად გაცნობიერება მხოლოდ ხელს თუ შეუშლის ინტელიგენტობას, როგორც ცხოვრების ცოცხალ პროცესს. ასეთ ინტელიგენტობას აქვს თავისი სიღრმეები, მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი, რომ ინტელიგენტს ესმოდეს ეს. ასეთ ინტელიგენტობას აქვს თავისი სილამაზე; მაგრამ ცუდი ინტელიგენტია ის, ვინც ეს სრული სიზუსტით იცის; და კიდევ უარესია ის, ვინც ამ მთავარ ცოდნას სხვათა დასანახად გამოფენს. უკეთესი იქნებოდა გვეთქვა, რომ ინტელიგენტს გააზრებული არა აქვს თავისი ინტელიგენტობა, მაგრამ სუნთქავს მისით, როგორც ჰაერით. ჰაერით სუნთქვა ხომ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჰაერს მხოლოდ ქიმიური, ხოლო სუნთქვას მხოლოდ ფიზიოლოგიური თვალსაზრისით უყურებდე. ინტელიგენტობის იდეოლოგია თავისთავად წარმოიშვება, ხოლო საიდან არავინ უწყის; იგი ისე მოქმედებს, რომ არაფერი იცის თავის საქმეთა შესახებ; ზოგადსაკაცობრიო კეთილდღეობის მიზნებსაც ისე იცავს, რომ ხშირად ამის შესახებ წარმოდგენაც კი არა აქვს.

  1. ინტელიგენტობა და სინამდვილის გარდაქმნა. კულტურული მნიშვნელობა ინტელიგენტობისა, რომელიც ყოველთვის საზოგადოებრივ-პიროვნულ და ბუნებრივ არასრულქმნილებათა შორის არსებობს, ყველაზე უფრო ზოგადი ფორმით შეიძლება განისაზღვროს, როგორც გამუდმებული და განუხრელი სწრაფვა იყოს არა მჭვრეტელი, არამედ გარდამქმნელი სინამდვილისა. საყოველთაო კეთილდღეობის გრძნობიდან ამოზრდილი ინტელიგენტობა შეუძლებელია ცხოვრებაში არსებულ არასრულქმნილებებს ვერ ხედავდეს და მათდამი გულგრილი დარჩეს. ინტელიგენტს დიდი ფიქრიც კი არ სჭირდება საამისოდ. ინტელიგენტობა უპირველეს ყოვლისა ცხოვრებისეულ არასრულქმნილებათა ბუნებრივი გრძნობა და მათდამი ინსტინქტური ზიზღია. ნუთუ შეიძლება ამის შემდეგ დავუშვათ, რომ ინტელიგენტი გულგრილია ცხოვრებისეული არასრულქმნილებებისადმი? არა, აქ გულგრილობა ვერ იარსებებს. ინტელიგენტს ხელი თავისთ გაურბის ადამიანური ცხოვრების მშვენიერ ბაღში ამოსული სარეველა ბალახის მოსაგლეჯად. ინტელიგენციის კულტურა, როგორც ამას თვით ტერმინ `კულტურის~ მნიშვნელობა მოითხოვს, შეიცავს სინამდვილის გარდაქმნას, რათა ხორცი შეესხას ყოველი ინტელიგენტის სანუკვარ და ფარულ ოცნებას იშრომოს საყოველთაო კეთილდღეობის მისაღწევად.
  2. ინტელიგენტობა და კულტურა. ლათინური სიტყვა `კულტურა~ `დამუშავებას~, `გადამუშავებას~ ნიშნავს. აქედან გამომდინარე, კულტურა ვერასოდეს ვერ იქნება გულუბრყვილო. კულტურა ყოველთვის გონის შეგნებული მუშაობაა, მიმართული თავისივე თავის სრულყოფისკენ და ყველაფერ იმის მოწესრიგებისკენ, რაც ადამიანის გარშემო არსებობს. ამ აზრით, ინტელიგენტობა უკვე აღარ არის უბრალოდ გულუბრყვილო. ინტელიგენტობა გულუბრყვილოა მხოლოდ საფუძველში: მაგრამ თავის რეალურ-ცხოვრებისეულ ფუნქციებში იგი ყოველთვის გაცნობიერებულია, მოხერხებულია, წინდახედულია და საჭიროების შემთხვევაში ფრთხილია, ხოლო სადაც საჭიროა _ გაბედულიც. ადამიანის პიროვნება კონკრეტულ ბუნებრივ, საზოგადოებრივ და ისტორიულ პირობებში არის მოქცეული. ეს პირობები ხშირად საკეთილდღეო აღმოჩნდება ხოლმე პიროვნებისთვის, მაგრამ კიდევ უფრო ხშირად მტრულია მისდამი. ამიტომ ინტელიგენტობა არსებობს მხოლოდ აქ სადაც არის აღჭურვილობა ყოველგვარ ბუნებრივ საზოგადოებრივ და ისტორიულ არასრულქმნილებათა წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ ამისთვის აუცილებელია ხანგრძლივი სამზადისი, რისთვისაც თავის მხრივ, აუცილებელია იდეოლოგიით აღბეჭდილი შრომა.

იყო ინტელიგენტი იმას ნიშნავს, რომ გამუდმებით და დაუღალავად შრომობდე. ამასთან, ინტელიგენტობა მხოლოდ საბრძოლოდ აღჭურვილობა როდია, არამედ მზადყოფნაც ბრძოლაში ჩასაბმელად. ხოლო ბრძოლაში რომ ჩაება, საჭიროა საზოგადოებრივ-ისტორიულ ვითარებაში ორიენტირება შეგეძლოს. ამგვარი ორიენტირება კი სინამდვილისადმი კრიტიკულ მიდგომას მოითხოვს და ამდენად ინტელიგენტობა მხოლოდ კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოებრივი ადამიანისთვის არის დამახასიათებელი. ინტელიგენტი, რომელიც არ არის კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოებრივი ადამიანი _ ბრიყვია, თავისი ინტელიგენტობის გამოვლენის უნარი არ გააჩნია, ესე იგი აღარც არის ინტელიგენტი. ამასთან, ბრძოლაში ჩაბმა ინტელიგენტისთვის ხშირად მიზანშეუწონელია. უნდა იცოდე, როდის ჩაება ბრძოლაში და როდის თავი აარიდო მას. ყველა ამ საკითხს ინტელიგენტი წყვეტს თავის საერთო იდეოლოგიურ მიმართულებაზე დაყრდნობით და საზოგადოებრივ-ისტორიული ვითარების კრიტიკული შეფასების საფუძველზე. სწორედ ეს არის ინტელიგენტობის კულტურული საქმე. ასეთი კულტურული შრომა სამწუხარო აუცილებლობა კი არა, მუდმივი სიხარულია, მუდმივი სულიერი სილაღე და მუდმივი დღესასწაული. ინტელიგენტი ადამიანისთვის შრომა ზოგადსაკაცობრიო ბედნიერებისთვის სიხარულით სავსე მსახურებისა და მარადიული ახალგაზრდობის დღესასწაულია.

  1. ინტელიგენტობა და საზოგადოებრივ-პიროვნული ისტორიული გმირობა. ისტორიაში საკმაოდ იშვიათი და ხანმოკლეა ისეთი პერიოდები, როცა შეიძლება ინტელიგენტი იყო და ამავე დროს გჯეროდეს, რომ სრულ უსაფრთხოებაში ხარ. გაცილებით უფრო ხშირი და ხანგრძლივია პერიოდები, როცა ინტელიგენტობა აიძულებს ადამიანებს თავიანთ თავსა და თავიანთ კულტურაზე იზრუნონ, როცა იგი გარემოებათა გამო იძულებულია თავის საჭურველსა და თავდაცვაზე ზრუნავდეს. მაგრამ კიდევ უფრო ხშირი და კიდევ უფრო ხანგრძლივია ისეთი პერიოდები, როცა იქმნება ბრძოლის დაწყების აუცილებლობა. და არა მხოლოდ ისტორიაში, როგორც ადამიანური განვითარების საერთო სურათში. ყველაზე უფრო ჩვეულებრივი ყოფა, ერთი შეხედვით ყველაზე უფრო მშვიდობიანი ობივატელური ცხოვრება ყოველთვის საზრუნავით და საწუხარით, საფრთხით და დანაკარგებით არის სავსე, მასში ყოველთვის აურაცხელი უცნობი შესაძლებლობაა. ამიტომ ჭეშმარიტი ინტელიგენცია აღჭურვილია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჭეშმარიტება დაადგინოს ღია პოლემიკურ კამათში, არამედ იმიტომაც, რომ აუცილებელია ცხოვრების ყოველგვარ ფარულ არასრულქმნილებათა წინააღმდეგ ბრძოლა.

მაგრამ აქედან გამომდინარეობს, რომ ინტელიგენტობა ყოველთვის გმირობაა, ყოველთვის მზადყოფნაა ეგოისტური არსებობის სასიცოცხლო მოთხოვნილებათა დასავიწყებლად. არა აუცილებლად ბრძოლა, არამედ ყოველწუთიერი მზადყოფნა ბრძოლისთვის და სულიერი, შემოქმედებითი აღჭურვა ამ მიზნით და არ არსებობს სიტყვა, რომელიც უფრო მკაფიოდ გამოხატავდა ინტელიგენტობის ასეთ არსს, ვიდრე სიტყვა `გმირობა~. ინტელიგენტობა ეს არის ყოველდღიური და ყოველწუთიერი გმირობა, რომელსაც ხშირად მხოლოდ პოტენციური ხასიათი აქვს.

  1. ინტელიგენტობა და უბრალოება. ყველაფერი ზემოთქმული რომ შევაჯამოთ, შეიძლება მოვნიშნოთ ინტელიგენტობის ასეთი წინასწარი ფორმა.

ინტელიგენტობა არის ინდივიდუალური ცხოვრება, ან ფუნქცია პიროვნებისა (პიროვნება გაგებულია, როგორც ბუნებრივ საზოგადოებრივ-ისტორიულ ურთიერთობათა შენადედი), რომელიც იდეოლოგიურად ცხოვრობს ზოგად-საკაცობრიო კეთილდღეობის მიზნებისთვის, კი არ უმზერს, არამედ გარდაქმნის ცხოვრების არასრულქმნილებებს, რაც მბრძანებლურად მოითხოვს ადამიანისგან პოტენციურ ან აქტუალურ გმირობას ამ არასრულქმნილებათა დასაძლევად.

ეს შედეგი მეტისმეტად რთულად ჟღერს. აქ ბევრი სხვა დეტალია, რომლებიც იმიტომ გაჩნდა, რომ ინტელიგენტობის ძირითადი ნიშნების ჩამოთვლის ნაცვლად, ჩვენ მათ შორის არსებითთა შერჩევა და სისტემატიზირება ვცადეთ. მაგრამ ყველაფერი ამით როდი მთავრდება. ის, რაც ჩვენ ახლა ვთქვით, არის ლოგიკური ანალიზი ინტელიგენტობისა და არა უბრალოდ თვით ინტელიგენტობა. თვით ინტელიგენტობისთვის უცნობია ეს დანაწევრებები, შედარებები, კლასიფიკაციები, განზოგადებები და ლოგიკურად თანმიმდევრული ელემენტები, რომლებიც აუცილებელია მათი გარკვეული სისტემის მისაღებად. ეს არის ინტელიგენტობის ანალიზი. მსგავსად ამისა, მაგალითად, ბავშვის ფსიქოლოგიაც აანალიზებს ბავშვის სულიერი ცხოვრების შემადგენელ სხვადასხვა მომენტებს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თვით ბავშვსაც შეუძლია ამ მომენტების დანაწევრება და რომ იგი მათ სისტემატიზირებას ახდენს. ისინი ბავშვს ერთბაშად, ერთდროულად და დაუნაწევრებლად მიეცა. ამიტომ, ინტელიგენტობის შესახებაც უნდა ითქვას, რომ ინტელიგენტი სულაც არ არის ის, ვისაც შეუძლია მოახდინოს ინტელიგენტობის ასეთი თუ ისეთი, თუნდაც მაქსიმალურად სწორი, ანალიზი, ყველა ჩვენს მიერ ჩამოთვლილი ინტელიგენტობის ცალკეული ნიშანი ინტელიგენტში ყოველგვარი დაყოფისა და დანაწევრების გარეშე არსებობს, არსებობს როგორც განუყოფელი ერთადერთობა, როგორც გარკვეული სულიერი უბრალოება. ნამდვილი ინტელიგენტი ყოველთვის უბრალოა, უეშმაკოა, ყოველთვის გულღია და გულახდილია და არ არის მიდრეკილი თავის ინტელიგენტობაში ანალიზური ჩაღრმავებისკენ. ინტელიგენტი არის ის, ვინც, როგორც ითქვა, მუდამ სასარგებლო შრომაშია; მაგრამ იგი სულით ყოველთვის იმდენად უბრალოა, რომ ვერც კი გრძნობს თავის უპირატესობას არაინტელიგენტ ადამიანებთან შედარებით. ამ აზრით, ინტელიგენტობას ვერ შეისწავლი, მაგრამ იგი ხანგრძლივ აღზრდას და თვითაღზრდას მოითხოვს. იგი არის არა ფილოსოფიური ტრაქტატი ინტელიგენტობის შესახებ, არამედ ის კულტურული ატმოსფერო, რომლითაც ადამიანები სუნთქავენ; და იგი არის უბრალოება, რომელიც სადღაც და როდისღაც, და ხშირად კაცმა არ იცის რატომ, თავისთავად ჩნდება ადამიანში და მას ინტელიგენტად აქცევს.

  1. ინტელიგენტობის განხორციელებადობის შესახებ. დასასრულ მინდა შევჩერდე ერთ კითხვაზე, რომელიც ხშირად უჩნდებათ ინტელიგენტობის ჩემი თეორიის გაცნობისას. ამბობენ, რომ ასეთი ინტელიგენტობა მეტისმეტად მაღალი, მეტისმეტად მიუღწეველი და ამიტომაც პრაქტიკულად განუხორციელებლია. ამის პასუხად ვიტყვი, რომ ადამიანთა უმრავლესობისათვის დიფერენციალურ-ინტეგრალური აღრიცხვის სახელმძღვანელოც მეტისმეტად რთულია. მისი შეთვისება მოითხოვს დიდ ძალისხმევას და მრავლაწლიან მეცადინეობას ელემენტარული მათემატიკის სფეროში. ამასთან, ერთნი ამგვარ სახელმძღვანელოს ღრმად ითვისებენ და პროფესიონალი მათემატიკოსები ხდებიან, სხვები წარმატებით იყენებენ მათემატიკას ასტრონომიასა და ტექნიკაში. მესამენი ასეთ სახელმძღვანელოს დიდი გაჭირვებით ითვისებენ _ მათთვის მთავარია გამოცდაზე საგნის ჩაბარება მოახერხონ. დაბოლოს, მეოთხენი _ ისინი უდიდეს უმრავლესობას შეადგენენ _ საერთოდ არც კი იწყებენ ამ მეცნიერების შესწავლას. ნუთუ აქედან ის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ სპეციალისტ მათემატიკოსს უფლება არა აქვს თავისი რთული სახელმძღვანელოები წეროს? იყო ინტელიგენტი ამ სიტყვის ჩემეული გაგებით, ცხადია, ძალიან ძნელია და ამისთვის მრავალწლიანი თვითაღზრდა არის საჭირო. მაგრამ მე იქიდან გამოვდივარ, რომ ინტელიგენტობის თეორია უნდა იყოს პრინციპული, ლოგიკურად თანმიმდევრული და სისტემურად დამუშავებული. ნუ დაივიწყებთ: მათემატიკა მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვს შესათვისებლად, მაგრამ სამაგიეროდ, იგი აბსოლუტურად უეჭველია. ინტელიგენტობის თეორია რეალურია არა ბუკვალურად და მომენტალურად განხორციელების აზრით, არამედ მოთმინებით სავსე და განუხრელი აღზრდის აზრით, და თუ იგი მრავალ წელს მოითხოვს, დაე ეს აღზრდა მრავალწლიანი იყოს.

 

თარგმნა ზაზა კვერცხიშვილმა

 

 

დიმიტრი ლიხაჩოვი

 

ინტელიგენტობის შესახებ

 

ინტელიგენტობა განათლებულობაში არ უნდა აგვერიოს.

განათლებულობა ძველი შინაარსით ცხოვრობს, ინტელიგენტობა ახალს ქმნის და გაიაზრებს ძველს, როგორც ასეთს.

მეტიც... წაართვით ადამიანს მთელი მისი ცოდნა, განათლება, შეგიძლიათ ის თვით მეხსიერების გარეშეც კი დატოვოთ, მაგრამ თუ იგი, ამავე დროს, შეინარჩუნებს ინტელექტუალურ ფასეულობათა შეთვისების უნარს, ცოდნის შეძენის სიყვარულს, ინტერესს ისტორიისადმი, გემოვნებას ხელოვნებაში, პასუხისმგებლობას ზნეობრივ საკითხთა გადაწყვეტაში და ენის სიმდიდრესა და სიზუსტეს მეტყველებისას და წერისას _ სწორედ ეს იქნება ინტელიგენტობა.

 ცხადია, ინტელიგენტობა განათლებულობაში არ უნდა აგვერიოს, მაგრამ ინტელიგენტისთვის უზარმაზარი მნიშვნელობა სწორედ განათლებას აქვს. რაც უფრო ინტელიგენტია ადამიანი, მით მეტად მიუწევს მას გული განათლებისკენ. და აქ ყურადღებას იქცევს ერთი მნიშვნელოვანი თვისება განათლებისა: რაც მეტი იცის კაცმა, მით უფრო იოლად იძენს იგი ახალ ცოდნას. ახალი ცოდნა ადვილად `თავსდება~ ძველის მარაგში. აღიბეჭდება მეხსიერებაში, პოულობს თავის ადგილს.

მოვიყვან პირველსავე მაგალითს, რომელიც გამახსენდა. ოციან წლებში ვიცნობდი მხატვარ ქსენია პოლოვცევას და მაოცებდა მისი ნაცნობობა საუკუნის დასაწყისის ბევრ ცნობილ ადამიანთან. გაგონილი მქონდა პოლოვცევები მდიდრები იყვნენ, მაგრამ ცოტა უკეთ რომ მცოდნოდა ამ ოჯახის ისტორია, მისი სიმდიდრის ფენომენალური ისტორია _ რამდენ საინტერესოსა და მნიშვნელოვანს გავიგებდი მაშინ მხატვრისგან, მე ხომ მზად მექნებოდა `შალითა~, რათა გამეგო და დამეხსომებინა.

ან კიდევ, სხვა მაგალითი იმავე დროიდან. ოციან წლებში ჩვენ გვქონდა ბიბლიოთეკა უიშვიათესი წიგნებისა, რომლებიც ი.ი. ივანოვს ეკუთვნოდა. რამდენი ახალი ცოდნა შემეძლო შემეძინა წიგნების შესახებ, იმ დროისათვის თუნდაც ცოტა მეტი რომ მცოდნოდა წიგნებზე.

 რაც უფრო მეტი იცის ადამიანმა, მით უფრო იოლად იძენს იგი ახალ ცოდნას.

ფიქრობენ, რომ ცოდნის სფერო მეხსიერების რაღაც გარკვეული მოცულობით არის შეზღუდული, სხვადასხვა ცოდნაა მოთავსებული დიდ სივიწროვეში. პირიქით, რაც უფრო დიდი ცოდნა აქვს კაცს, მით უფრო იოლია მისთვის ახლის შეძენა.

ცოდნის შეძენის უნარიც ინტელიგენტობაა.

გარდა ამისა, ინტელიგენტი `განსაკუთრებული წყობის~ ადამიანია: იგი შემწყნარებელია, ინტელექტუალურ სფეროში იოლია მასთან ურთიერთობა, ის არ ემორჩილება არანაირ _ მათ შორის, არც შოვინისტურ _ ცრურწმენას.

ბევრნი ფიქრობენ, რომ ერთხელ შეძენილ ინტელიგენტობას შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე ინარჩუნებს ადამიანი. მცდარი აზრია! ინტელიგენტობის ალს შენახვა სჭირდება. ბევრი უნდა იკითხო და იკითხო შერჩევით. ინტელიგენტობის მთავარი (თუმცა არა ერთადერთი) აღმზრდელი, მისი უმთავრესი `საწვავი~ კითხვაა. `გონს ნუ ჩააქრობთ!~

წარმოსახული საუბარი `ერთი-ერთზე~ ჩემს წარმოსახულ მეტოქე-აკადემიკოსთან, `უზკოეს~ სასტუმრო ოთახში. ის: `თქვენ ხოტბას ასხამთ ინტელიგენტობას, მაგრამ შეხვედრაზე, რომელიც ტელევიზიით გადაიცა უარი თქვით ზუსტად განგესაზღვრათ რა არის ეს~. მე: `დიახ, ასეა. სამაგიეროდ შემიძლია გაჩვენოთ რა არის ნახევრადინტელიგენტობა. მითხარით, ხშირად ხართ ხოლმე `უზკოეში~?~ ის: `კი, ხშირად~. მე: `თუ შეიძლება მიპასუხეთ, რომელი მხატვრების ფუნჯს ეკუთვნის XVIII საუკუნის ეს სურათები?~ ის: `არ ვიცი~. მე: `მართალია, ძნელი კითხვაა. იქნებ გეთქვათ რა სიუჟეტებია ამ სურათებზე ასახული, ეს ხომ იოლია~. ის: `არა, არც ეს ვიცი. რაღაც მითოლოგიაა~. მე: `აი, სწორედ ეს უინტერესობა გარემომცველი კულტურული ფასეულობებისადმი არის არაინტელიგენტობა.

ერთ-ერთი ყველაზე ფასეული ადამიანური თვისება არის ინდივიდუალობა. იგი დაბადებიდან, `ბედისგან~ გვეძლევა და გულწრფელობის მეშვეობით ვითარდება: ყველაფერში შენი თავის ერთგული უნდა იყო _ პროფესიის არჩევიდან დაწყებული და ლაპარაკისა და სიარულის მანერით დამთავრებული.

საკუთარ თავში გულწრფელობის აღზრდა შესაძლებელია.

კულტურის უშუალობა და უშუალობის კულტურა. კულტურა ყოველთვის გულწრფელია. იგი გულწრფელია თვითგამოხატვისას. და კულტურული ადამიანი არასოდეს ცდილობს ვინმედ ან რამედ მოგვაჩვენოს თავი (იქნებ, იმ შემთხვევების გარდა, როცა ამას ხელოვნების _ მაგალითად, თეატრალური ხელოვნების _ კანონები მოითხოვს, მაგრამ აქაც საჭიროა თავისებური უშუალობა). ამასთან, უშუალობასა და გულწრფელობასაც უნდა გააჩნდეს თავისი კულტურა, რათა ცინიზმად, მაყურებლის, მსმენელისა და მკითხველის წინაშე სულის გადმოტრიალებად არ გადაიქცეს.

ხელოვნების ყოველი ნაწარმოები სხვებისათვის იქმნება, მაგრამ ჭეშმარიტი ხელოვანი შემოქმედების პროცესში თითქოსდა ივიწყებს ამ სხვებს. იგი `მეფეა~ და `მარტოდმარტო ცხოვრობს~.

კანონთა დონეები: ფიზიკური, ფიზიკურზე მაღლა დგას ბიოლოგიური, კიდევ უფრო მაღლა _ სოციოლოგიური და ყველაზე მაღალ საფეხურზე _ კულტურული. ყველაფრის საფუძველი პირველ საფეხურებშია, გამაერთიანებელი ძალა _ კულტურულ დონეში.

მოწაფეობისას ვიყავი ჩრდილოეთში პომორებთან. გამაოცა მათმა ინტელიგენტობამ, განსაკუთრებულმა ხალხურმა კულტურამ, ხალხური ენის კულტურამ, განსაკუთრებულმა ხელნაწერმა განათლებულობამ (ისინი სტაროობრიადცები იყვნენ), სტუმრების მიღების ეტიკეტმა, კულტურული შრომის, ჭამის ეტიკეტმა, დელიკატურობამ და ა.შ. და ა.შ. სიტყვები ვერ მიპოვნია ჩემი აღფრთოვანების გადმოსაცემად... გაცილებით უარესი შთაბეჭდილება მოახდინეს ყოფილი ორიოლისა და ტულის გუბერნიების გლეხებმა. აქ დამხვდა ბატონყმობისგან, გაჭირვებისგან დაჩაგრულობა და უწიგნურობა. პომორებს კი საკუთარი ღირსების გრძნობა გააჩნდათ. ისინი მსჯელობდნენ. დღემდე მახსოვს ოჯახის თავის, ჯანიანი პომორის აღფრთოვანება და გაოცება ზღვით (ისე უყურებდა ზღვას, როგორც ცოცხალ არსებას). დარწმუნებული ვარ: ტოლსტოი რომ მოხვედრილიყო მათთან, ურთიერთობა და ნდობა მაშინვე დამყარდებოდა. პომორებს მარტო ინტელიგენტობა როდი გააჩნდათ. მათ ჰქონდათ სიბრძნეც და არც ერთი მათგანი არ ისურვებდა პეტერბურგში გადასახლებას. მაგრამ როდესაც პეტრემ ისინი მეზღვაურებად აიყვანა, პომორებმა მისი საზღვაო გამარჯვებები უზრუნველყვეს. ისინი იმარჯვებდნენ ხმელთაშუა, შავ-აზოვის, ადრიატიკის, კასპიის, ეგეოსის, ბალტიის ზღვებზე... და ასე მთელი XVIII საუკუნის განმავლობაში. ჩრდილოეთი საყოველთაო წიგნიერების მხარე იყო, ხოლო აქაურები უწიგნურებად იმიტომ იყვნენ ჩაწერილები, რომ ისინი (ერთობლივ ჩრდილოელები) უარს ამბობდნენ საერო ნაბეჭდი პროდუქცია ეკითხათ. სწორედ მაღალი კულტურის წყალობით შეინარჩუნეს მათ ფოლკლორი.

ინტელიგენტები სძულთ ნახევრადინტელიგენტებს, რომლებსაც ძალიან უნდათ სრული ინტელიგენტები იყვნენ. ნახევრადინტელიგენტები ადამიანთა ყველაზე საშინელი კატეგორიაა. მათ თავი ყოვლისმცოდნეები ჰგონიათ, შეუძლიათ ყველაფერზე იმსჯელონ, იმბრძანებლონ, სხვათა ბედი განაგონ და ა.შ. ისინი არავის არაფერს ეკითხებიან, რჩევას არ სთხოვენ, არ უსმენენ (მორალურად ყრუები არიან), ნამდვილმა ინტელიგენტმა იცის თავისი `ცოდნის ფასი~. ეს მისი უმთავრესი `ცოდნაა~. აქედან მომდინარეობს სხვებისადმი პატივისცემა, სიფრთხილე, დელიკატურობა, გულისხმიერება სხვათა ბედის გადაწყვეტისას და უტეხი ნება ზნეობრივი პრინციპების დაცვისას (მაგიდაზე მუშტს მხოლოდ სუსტი ნერვების პატრონი აბრახუნებს, ვინც დარწმუნებული არ არის თავის სიმართლეში).

ტოლსტოის ყველა ნაწერს ახასიათებს `ფორმის სიმორცხვე~. მას არ უყვარდა ვრონსკების გარეგნული ბრწყინვალება. მაგრამ იგი ჭეშმარიტი სულიერი არისტოკრატი იყო. იგივე ითქმის დოსტოევსკიზე. მას სძულდა თვით ფორმა არისტოკრატიზმისა. მაგრამ მიშკინი თავადი გახადა. თავადს უწოდებს გრუშენკა ალიოშა კარამაზოვს. ისინი სულიერი არისტოკრატები არიან. გაკრიალებული დასრულებული ფორმა სძულდათ რუს მწერლებს. თვით პუშკინიც კი პოეზიაში პროზისკენ ისწრაფვის _ უბრალო, ლაკონური უსამკაულო პროზისკენ. ფლობერები რუსულ სტილს არ ესადაგება. მაგრამ ეს დიდი თემაა.

ერი, რომელიც არ აფასებს ინტელიგენტობას, დასაღუპად არის განწირული.

 

თარგმნა ზაზა კვერცხიშვილმა

 

გაზიარება: